Friday, 4 December 2015

დამსახურებული პედაგოგები

     


              საფიჩხიის ოთხკლასიანი სასწავლებელი თავიდანვე გამოცდილი პედაგოგებით დაკომპლექტდა. აი, ისინიც: აქვსენტი და ანტონინა გიორგაძეები (ორივე ლენინის ორდენით იყო დაჯილდოებული), დავით კუპრეიშვილი, თამარ წერეთელი, ფეფიკო კემულარია...  შემდგომ წლებში სკოლის დამსახურებული პედაგოგები გახლდათ: ლია კაცაძე,  დალი დევიძე, მადონა ინასარიძე, დები როზა და ჯილდა ალავიძეები, ნინო ძოწენიძე, ტერეზა მუკბანიანი, ელენე ღვინეფაძე, ქეთევან ძნელაძე, მადონა კოღუაშვილი, ჟულიეტა ასათიანი–ბეჟუაშვილი, ცისანა ნარსია, მარუსა აბაზაძე, თალიკო ოყრეშიძე, თალიკო გაჩეჩილაძე, ვენერა ჯანელიძე , ლარიკო გვეტაძე , დოდო ჯიხვაძე , თამარ კოხია, მედეა თაბუკაშვილი, გრიშა ლეჟავა, დიტო გოჩელაშვილი, თინა დარჩია, ნუნუ გაბრიაძე , ოლია ძიძიგური, ქეთევან მეფარიშვილი, ცისანა ბოჭორიშვილი, ქსენია აფხაიძე , ციალა მგელაძე , ნადია ნემსაძე , ადა ბეჟუაშვილი, დარეჯან ბაბუნაშვილი, მედიკო ჩაკვეტაძე , ომარი კორძაძე , რუსუდან ნებიერიძე , ჟუჟუნა ტუკვაძე , თინა ჩირაძე , ლალი აბდალაძე , მარინა ფარჯანაძე , მარინა ხარატიშვილი, ლოლა მეძმარიაშვილი, ლუიზა ბენიძე , ნაზი მკერვალიშვილი, სოსო გუგავა, ნინა საზანოვა, კოტე ასათიანი, გურამი კეზევაძე , ჯუღური გიგიაძე ,  დალი ჯაფარიძე , ცისანა თალაკვაძე , დავით ჭანტურიძე , დავით იოსელიანი, ნათელა ფორჩხიძე , ნინო გვეტაძე ,  ვილენი კაჭკაჭიშვილი, მაია დევნოზაშვილი, ანა ხურციძე ....



                                            ლია   კაცაძე
   
       ქალაქ ქუთაისის N 22 სკოლის მეოთხე სართულზე, ისტორიის კაბინეტში ლია კაცაძე  თავის მოსწავლეებს სიხარულით ეგებებოდა, საქართველოს ისტორიას აყვარებდა მომავალ თაობებს. უყვარდათ ქალბატონი ლია მოსწავლეებს და ამ სიყვარულს ლექსებში გამოხატავდნენ:
                ,,ჩემი ქართველობის დედა
                            (ისტორიის მასწავლებელს ლია კაცაძეს)
      გული სათნოებას ითხოვს,
      ჰოდა, ხშირად გიხმობ, გხვდები,          
      ყველა შეხვედრისას თითქოს
      სიბრძნეს ცხოვრებისას ვხვდები.
      ძველი ჭოგრიტივით ვუმზერ
      თვალებს, ლეგენდაში ნანახს...
      ჩანჩქერს გადავუშვებ გულზე,
      ხსნა რომ გავუჩინო კალმახს.
      მინდა მოგისმინოს ყველამ
      უვრცო სივრცეების მცოდნეს:
      ,,რაა სიამეთა ღელვა,
      თუ არ მიჰბაძეო ცოტნეს!"
                 უკან ფეხაკრეფით მოგდევ
                 (მაცნობ ილიას და დავითს...)
                 მტკიცედ გადავწყვიტე, მამულს
                 არ ვთმობ მე ცოცხალი თავით!
     დიდხანს რომ გიყურებ ასე,
     არც ჩანს, მივდივარ თუ ვდგავარ;
     თუმცა მზის სხივებით მავსებ,
     სულ მთლად სამარე და ქვა ვარ.
                 უნდა მომიტევო ისევ,
                 თუ კი ბოლომდე ვერ გხედავ...
                 ...კვლავაც სიყვარულით გისმენ,
                 ჩემი ქართველობის დედავ.
                                სოფიკო ბრეგაძე "
 
      ლია კაცაძე ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი გახლდათ.  იგი 1990 წლიდან უზენაესს საბჭოში იყო. ქალბატონი ლიას  ხელმოწერაა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე .  ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი დემოკრატიული საქართველოსთვის !


                                       
     როდესაც ქალბატონ ლიას ეროვნულ მოძრაობაში მისი ღვაწლის შესახებ სთხოვეს მოეთხრო,  თქვა: ,,უპირველესად, სანამ ქვეყანა იარსებებს, მან უნდა იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე და გაიხსენოს თამრიკო ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი...  მათი სახელები უნდა დარჩეს ისტორიაში, მე რა სახსენებელი ვარო!" ქალბატონ ლიას  9 აპრილის დაღუპულთა პატივსაცემად ოთახში კუთხე აქვს მოწყობილი.
           სამოქალაქო ომმა ლია კაცაძე დევნილად აქცია. ქალბატონი ლია ასე იხსენებს იმ დღეებს: ,,როცა ჩამოაგდეს ზვიად გამსახურდია, მე ვიმალებოდი სამხედრო ნაწილში, რადგან იქ ვერ მომაგნებდნენ. შემდეგ ხშირად მივყავდით უშიშროებაში. ერთხელ სალოცავიდან დაგვიჭირეს მე და ჩემი შვილი. ქუთაისის 22–ე სკოლიდან 1993 წელს გამათავისუფლეს."
          ქალბატონ ლიას სიყვარულით იხსენებს მისივე ნამოწაფარი და  ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზო ძოწენიძე: ,,თქვენ მოღვაწეობასთან მიახლოების თავდაპირველი განცდა ნოემბრის წვიმას მოაქვს, ჯერაც თბილს, ალაგ–ალაგ თქეშად დაშვებულს – დასაცვენად გამზადებული, ფოთლების ბოლო გაჟრჟოლება რომ მოჰყვება თან...
         არასოდეს გაკლდათ ადამიანური სითბო, სინაზე, სიღრმისეული შრეების მოძიება, წვდომა... თქვენ წამაკითხეთ პირველად ეგნატე ინგოროყვას ყდაში ჩასმული გრიგოლ რობაქიძის აკრძალული ნაწარმოებები. თქვენ ჩემთვის დედაც იყავით და მასწავლებელიც, თქვენი ოჯახი კი ჩემთვის ყველაზე ახლობელია ახლობელთა შორის.
          თქვენთან ერთად დავლაშქრეთ  ბაგრატი, ხავსმოდებულ ქვებს, ტაძრის ჩუქურთმებს, წინაპართა ნაკვალევს ვწმენდდით, ვასუფთავებდით და თან იავნანასავით გვესმოდა თქვენი ნაამბობი, არსად დაწერილი, ჩვენთვის მიუწვდომელი წინაპართა საქმენი.
          ეროვნული მოძრაობის დასაწყისში თქვენ, ძვირფასო ლია მასწავლებლებო, სხვა ქალბატონებთან ერთად ეტლში იყავით შებმულნი და ის ეტლი საქართველოს ღორღიან გზაზე მიგქონდათ. განა თქვენ არ იყავით მოსწავლეებთან ერთად ვაზი რომ ჩარგეთ გელათის ტაძრის შესასვლელთან, განა თქვენი მოსწავლე არ იყო მაკა ლობჟანიძე, რომლის ხმამ ,,დაიჩოქეთ, ქართველებო, დავითის საფლავთან,"ტაძრის ეზოში შეკრებილი მთელი ერი რომ დააჩოქა, აატირა და ეროვნული გრძნობა გაუღვივა. როცა მერაბ კოსტავა დაიღუპა, ქუთაისის N22 სკოლის მოსწავლეებმა პირველებმა მოიხსნეს წითელი ყელსახვევები.
          თქვენ ის ქალბატონი ბრძანდებით, ვინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული ენის სიწმინდეს. ასე ამბობდით, –  ის კაცი რა კაცია, ვინც მშობლიურ ენას ხეირიანად არ ფლობს და ვისაც საზოგადოებრივი ინტერესები არ ამოძრავებს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსო.
          სამშობლოს სიყვარულისთვის ბევრი ტკივილი მოგაყენეს, აღსაზრდელებსაც კი დაგაშორეს, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მაინც შვილის, კაკოს დაღუპვა იყო.
ვიცი ამჟამად მარტოდმარტო ბრძანდებით მწუხარებასთან. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ, თქვენი იმედი თქვენი შვილიშვილებია და ქართველი ხალხი, რომელიც ალბათ კვლავ იტყვის თავის სათქმეს.
          გავიდა წლები... როცა ქუთაისის 22–ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ამჯერად უკვე კოლეგები, ერთად შევუდექით მომავალი თაობების აღზრდას. ,,სიცოცხლე სიყვარულით და სიყვარული სიცოცხლით !" – ამ დევიზით ვზრდიდით და ვასწავლიდით ახალგაზრდებს.
    27 წელია  ამ სკოლას ვემსახურები, ჩემმა ორმა შვილმა, თამთა და ლევან ბაშელეიშვილებმა ეს სკოლა დაამთავრეს. ერთი ექიმი გამოვიდა, მეორე – ეკონომისტი, რძალი – თეონა ამბროლაძეც ამ სკოლის პედაგოგია. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის კარს  ჩემი შვილიშვილი , პირველკლასელი მარიამ ბაშელეიშვილი შეაღებს და...  სამარადჟამოდ ასე გაგრძელდება!
                                                                                                                პატივისცემით იზო ძოწენიძე."
         
         
      ლია კაცაძეს მაკა ლობჟანიძე სიყვარულით იხსენებს და მას ასე მიმართავს:
,,ჩემი ქართველობის დედას, ჩემ მეორე დედას, ჩემთვის საუკეთესო ქალს ლია კაცაძეს მინდა მივეფერო! შენ მასწავლე სამშობლოს და ადამიანების სიყვარული, შენი ნასწავლი წესებით ვცხოვრობ და ამაყი ვარ! რთული კია, მაგრამ მაგარია ასეთი პრინციპებით ცხოვრება! მიყვარხარ და მეამაყები!"

         
         ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და დირექტორის მოადგილე ფატმან მუმლაძე იგონებს: ,,ქუთაისის N22 სკოლაში 1993 წლის ოქტომბერში მივედი. სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, ქალბატონმა ნუნუ ქათამაძემ ისტორიის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა: ,,წლების განმავლობაში აქ სწავლისა და აღზრდის საქმეს ლია კაცაძე ხელმძღვანელობდა, ამ კაბინეტში ყველაფერი მისი ნაკეთებია. ამას გაფრთხილება უნდა."
           თვალი შევავლე კაბინეტს. აი, თურმე, ჩვეულებრივი მოკვდავები გმირებად როგორ იქცევიან ხოლმე! შემეშინდა, შევძლებდი კი ლია მასწავლებლის დაწყებული საქმის გაგრძელებას. შინაგანი ხმა მკარნახობდა, – სხვა უფლება და არჩევანი არ გაქვსო!
          წლები გავიდა. თითქოს გადაჯეგეს თავთუხების ყანა, ხან სიმღერით, ხან სიცილით, ხან კვნესით გადაუარეს აყვავებულ ველსა და მინდორს, ძველ დროს ახალი ცვლიდა...  ჩემმა მეუღლემ და შემდეგ ორივე შვილმაც ეს სკოლა დაამთავრეს. გიორგი ეკონომისტია, ნინო კი – ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი.    
                                   პატივისცემით ფატი მუმლაძე. "

         ,,იცით რა არის თავისუფლება? როცა არვისგან დავალდებულდები, როცა სიმართლისთვის ყველაფერს აკეთებ, როცა სულს იმას ამოაძახებინებ, რაც მას სურს, როცა სათქმელს თამამად და ხმამაღლა ამბობ, რადგან სუფთა ხარ და თავისუფალი!
         სისპეტაკე და თავისუფლება კარებშივე შემოგვეგება!..
         ლია კაცაძე !!!
         მასწავლებელი მოსწავლეებს ეგებებოდა!





         იდგა წუთები ისტორიული... დაუვიწყარი... ოთახს ეფინა ,,მოგონებანი გარდასულ დღეთა..."  ირგვლივ ყველაფერს ქართველობის სუნი სდიოდა...
     




         ,,ჩემი ქართველობის დედა" – ასე  შეარქვეს მოსწავლეებმა და ,,სამარადჟამოდ დაიმკვიდრა სახელი ესე..."
         იყო ტკივილი, მძიმე წუთები, უმძიმესიც...  და იყო გლოვაც...
         პარალელურად იყო ჯილდოც...  მაგრამ სიყვარულს შეგირდების გულიდან მოსულს, აქვს შესადარი?
        ეს ხომ ხვედრია ერთეულთა! ეს გენიაა!!!
        ...
        ყველა მოსწავლე რომ გახსოვდეს, ყველა დეტალი,
        ყველა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა, – სულთან მოტანა...
        და მათ ფოტოებს ინახავდე,  გულში იკრავდე,
        მათით ცხოვრობდე, სულდგმულობდე – განა ცოტაა?


                   ... და ერთად ყოფნის უტკბილესი წუთებიც ქრება...
                   გვენანება და ვენანებით განსაშორებლად...
                   მივდივართ... ვდგევართ... გზას მივყვებით...
                   და თან ვგრძნობთ მზერას, უკან მოყოლილს,
                   მოდევნებულს ,,ქართველთა დედის!"

                                     პატივისცემით შთაბეჭდილებებიდან ვერგამოსულნი!"
     
         ...
        ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში  სიყვარულით იხსენებენ მეოთხე სართულზე მდებარე ისტორიის კაბინეტს,  ლამაზი ,,დიასახლისით!"
        ქუთაისის N 22 საჯარო სკოლას ახსოვს ლეგენდად ქცეული ქალის ისტორია!
        ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა ვერასოდეს დაგივიწყებთ, ქალბატონო ლია, რამეთუ თქვენი და თქვენნაირი ადამიანებით იწერება სკოლის მატიანე!

                        ტერეზა მუკბანიანი

                                             
    ტერეზა ინდიკოს ასული მუკბანიანი  1933 წელს ლენტეხის რაიონში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა  ამბროლაურში,  სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში გააგრძელა, ხოლო შემდეგ  ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც 1961 წელს დაასრულა. ამ დროისათვის უკვე დაოჯახებული იყო და მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა . შემდეგ კიდევ 2 ქალიშვილი შეეძინა. სამივე ქალიშვილი უმაღლესი განათლებითაა: ფარმაცევტი, მატემატიკოსი და ქიმია–ბიოლოგი. ჰყავს 4 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.
        1970 წელს დაწყებითი კლასების მასწავლებლად ქუთაისის N 22 სკოლაში დაიწყო მუშაობა.   სხვადასხვა დროს ოთხ  დირექტორთან: ნადია ერისთავთან, დიმიტრი თაბუკაშვილთან, გიული გვიშიანთან და ნუნუ ქათამაძესთან მოუწია თანამსრომლობა.
       ქალბატონი ტერეზა განსაკუთრებით  მისი პედაგოგიური საქმიანობის პირველ წლებს , ქალბატონი ნადია ერისთავის დირექტორობის პერიოდს გამოყოფს. იმ დროს ქუთაისის 22–ე სკოლა ერთ–ერთი წარმატებული იყო ქალაქში.  მეგობრული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოლექტივი დახვდა.  წარმატებული კლასები ყავდა ყოველთვის. მრავალი თაობა აღზარდა. მისი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სანიმუშო ყოფაქცევით. ქალბატონ ტერეზას  სასწავლო–აღმზრდელობით დარგში მიღწეული წარმატებებისათვის საპატიო სიგელი აქვს მიღებული.  2000 წლამდე იმუშავა ქუთაისის N 22 სკოლაში. ამჟამად პენსიონერია.
       ქალბატონ ტერეზას მიერ გამოგზავნილი წერილი  მისმა შვილმა, ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, ხათუნა ზურაბიანმა მოგვიტანა. (   მასალის მოწოდებისათვის  მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნას): ,,სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მხვდებიან ჩემი აღზრდილები, დიდი სითბოთი და სიყვარულით მეგებებიან. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის, რადგან მასწავლებლობა მოწოდებით არის და არა – არჩევით, მე ვთვლი, რომ მოწოდებით პედაგოგი ვიყავი და არაფერი დამიშურებია იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეებისათვის მიმეცა საჭირო ცოდნა, სითბო, სიყვარული. ვამაყობ, რომ დღესდღეობით ჩემი შვილიც ქუთაისის 22–ე სკოლის მასწავლებელია . მინდა წარმატება ვუსურვო ქუთაისის 22–ე სკოლის ხელმძღვანელობას, თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.  პატივისცემით ტერეზა მუკბანიანი."


                          ჯულიეტა ასათიანი–ბეჟუაშვილი

       
      ჯულიეტა მიხეილის ასული ასათიანი–ბეჟუაშვილი  1928 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობა ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში გაატარა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა.
        ჯულიეტა ასათიანი 1945 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში  ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ 1950 წელს სამუშაოდ ასპინძის რაიონში გაანაწილეს, სადაც მის მომავალ მეუღლესთან, საშა ერმალოს ძე ბეჟუაშვილთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1951 წელს ქუთაისში დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა, შეეძინა 2 შვილი: 1952 წელს – თეიმურაზ ბეჟუაშვილი და 1956 წელს – ზურაბ ბეჟუაშვილი.
         ჯულიეტა ასათიანმა 1953 წლიდან ქალაქ ქუთაისის 22–ე საჯარო სკოლაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა და აქვე  დაასრულა პედაგოგიური საქმიანობა.
          ჯულიეტა ასათიანმა უამრავ ბავშვს შეაყვარა წიგნი, დაამეგობრა მასთან. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ჯულიეტა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა,  შეთავსებით ქუთაისის 22–ე სკოლის ბიბლიოთეკის გამგეც იყო.
         ჯულიეტა ასათიანი 2003 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა და დაკრძალულია ოღასყურის სასაფლაოზე.

                            ნინო ძოწენიძე
           

         ნინო ძოწენიძე 1928 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში  დაიბადა. გურნაში დაამთავრა სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ  ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმიის სპეციალობაზე სწავლობდა. 1969 წლიდან 2000 წლამდე ქუთაისის N22 სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.              ნინო (გოგუცა) ძოწენიძე სკოლის კოლორიტი, ენაკვიმატი და უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ.
        ნინო ძოწენიძეს ჰყავს ორი შვილი,  ქუთაისის  N22 სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები: სამედიცინო ინსტიტუტის პროვიზორები ლია და გია ლომთაძეები.
            ნინო ძოწენიძე 2015 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

                     დოდო ჯიხვაძე
         
     დოდო ჯიხვაძე  1941 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი პედაგოგიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი პირველი პედაგოგიური მუშაობის აკვანი  მაშინდელი გამოჩენილი დირექტორების ქეთო ნადიბაიძისა და თამარ დახუნდარიძის ცოდნის ტაძარში დაირწა. დოდო ჯიხვაძე რადგან  იმ უბანში დაოჯახდა, სადაც ქუთაისის N22 სკოლა მდებარეობდა, გადაწყვიტა  დაწყებითების მასწავლებლად ამ სკოლაში გაეგრძელებინა მუშაობა. აქ მას ისეთი დახელოვნებული მასწავლებლები დახვდნენ , როგორებიც იყვნენ: მარუსა აბაზაძე, თინა ჩირაძე, ქიმიკოსი ნინო (გოგუცა) ძოწენიძე, ფიზიკოსი ჟუჟუნა ტუკვაძე, რუსულის მცოდნე ვენერა ჯანელიძე, მათემატიკოსები: დიმიტრი თაბუკაშვილი და დიმიტრი გოჩელაშვილი. მუშაობა მოუხდა ისტორიკოსს, ცოცხალ ლეგენდად ქცეულ  ლია კაცაძესთან. ქალბატონი დოდოს გვერდით იდგნენ დაწყებითი კლასების საუკეთესო პედაგოგები: მადონა ინასარიძე, ტერეზა მუკბანიანი და ნუნუ გაბრიაძე.
                                   
                                        ვენერა ჯანელიძე
        ქალბატონ ვენერასთან სტუმრობა სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩდა. უამრავი მოგონება ამოუტივტივდა გონებაში, არდავიწყებით გამოწვეულმა სიხარულმა სული აუფორიაქა და ჩვენც აგვაღელვა.

            ერთმანეთი დიდი ხანი არ გვენახა, ამიტომ ვენერა მასწავლებელთან სტუმრობას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
         
       ვენერა ალექსანდრეს ასული ჯანელიძე აბაშის რაიონის სოფელ მარანში 1929 წლის 15 იანვარს დაიბადა. 1931 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. 1942 წელს ბათუმის 25–ე სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. 1952 წელს ბათუმის მე–4 სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1955 წელს საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა და ჯერ ქუთაისის მე–5 სკოლაში, შემდეგ კი 33–ე სკოლა–ინტერნატში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.

           1962 წლიდან ქუთაისის N22 სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. დაჯილდოებულია ,,საპატიო სიგელით."
          ამჟამად ვენერა ჯანელიძე პენსიონერია, ოჯახის წევრებზე მზრუნველობითა და  მოგონებებით ცხოვრობს.
                                   
                               
                დავით ჭანტურიძე
       
           
        დავით ევგენის ძე ჭანტურიძე  1930 წლის 12 მაისს თბილისში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. ომის პერიოდში ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ზესტაფონში, შემდეგ ტყიბულში გადავიდა. ამიტომ საშუალო სკოლა ტყიბულში დაამთავრა. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით მიიღო.
           დავით ჭანტურიძემ განათლების სამინისტროს განაწილების მიხედვით პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ტყიბულის რაიონში და გააგრძელა ტყიბულის მე–2 საშუალო სკოლაში. პარალელურად მუშაობდა ტყიბულის საქალაქო რადიოს დიქტორად.
           დავით ჭანტურიძის დედა, ეკატერინე ჩხეიძე გენიალური უშანგი ჩხეიძის ახლო ნათესავი იყო, ამიტომ დავითსაც საკმაოდ ჭარბად ჰქონდა შემოქმედებითი თეატრალური მონაცემები და აქტიურად მონაწილეობდა ტყიბულის თეატრის ბევრ სპექტაკლში.
          დავით ჭანტურიძე გასული საუკუნის 60–იან წლებში სამუშაოდ ქუთაისის N27 სკოლაში გადმოვიდა. აქ მისი მოსწავლე  თეიმურაზ შაშიაშვილი იყო. მალე  ქუთაისის N25 სკოლაში სასწავლო–აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ გადავიდა. შემდეგ წლებში დავით ჭანტურიძე ქუთაისის N6 სკოლის დირექტორად დაინიშნა. ამის შემდეგ რკინიგზის N11 სკოლის დირექტორი იყო. ბოლოს საბუნებისმეტყველო ლიცეუმში და ქუთაისის N22 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ.
         დავით ჭანტურიძის პედაგოგიური საქმიანობა მრავალჯერ აღინიშნა სხვადასხვა ხარისხის ჯილდოთი და მედლით, მიღებული ჰქონდა სახალხო განათლების წარჩინებულის წოდება. ბატონ დავითს ასაზრდოებდა და სტიმულს აძლევდა პედაგოგისათვის უმთავრესი ჯილდო – მოსწავლეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.
                                         
                            მედეა ჩაკვეტაძე და ომარ კორძაძე

         
        წარსულის ხილვის წყურვილით შეპყრობილნი კარებს მოკრძალებით ვაღებთ... წარმოსახვით მდგრად ჩარჩოებს ვარღვევთ და რეალობაში ვაბიჯებთ...
        22–ე სკოლის მატიანევ , ადამის შთამომავალნო, გსტუმრობთ და წარსულს ვეწაფებით ...
      ჩვენს ლოდინში დიასახლის სუფრა გაუწყვია... ეკრანიდან ,,სუნთქავს" ,,სკოლის მატიანე"


   
     მედეა სოკრატეს ასული ჩაკვეტაძე 1939 წელს ქუთაისში დაიბადა. ქუთაისის N6 სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა ქუთაისის N4 აფთიაქში დაიწყო, პარალელურად ალ. წულუკიძის სახელობის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც 1969 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა. 1970 წელს ქუთაისის 22–ე სკოლის დირექტორის მოადგილედ, კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში, დაინიშნა.  კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის მაღალი დონე სკოლის დირექტორების – ნადია ერისთავის და გიული გვიშიანის პრინციპული მოთხოვნა იყო. იმ წლებში სკოლაში ჩატარებული უამრავი ღონისძიება ქალბატონ მედეას სახელს უკავშირდება. იგი სიამაყით იხსენებს იმ დაუვიწყარ წლებს.
        მედეა ჩაკვეტაძე 1993 წელს ქუთაისის N25 სკოლაში ფსიქოლოგად გადავიდა.
        დღეს უკვე დიდი ოჯახის დიასახლისი ცოდნასა და გამოცდილებას პატარა შვილიშვილს, ზვიადს დიდი სიყვარულით უნაწილებს. ზვიადი ამ ოჯახის დიდი ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად მოიაზრება.
         მედეა ჩაკვეტაძის მეუღლე, ომარ იონას ძე კორძაძე 1943 წელს დაიბადა. 1962 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, პარალელურად ქუთაისის N22 სკოლაში ლაბორანტად მუშაობდა. 1967 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და ქუთაისის N22 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1976 წლამდე იმუშავა. 1976 წლის 20 აგვისტოდან ქუთაისის N25 სკოლის დირექტორის მოადგილე  გახლდათ. 1988 წელს კი ამავე სკოლის დირექტორად დაინიშნა, თან მათემატიკას ასწავლიდა. არის დაჯილდოებული ,,ღირსების ორდენით."
       ქალბატონ მედეას და ბატონ ომარს ჰყავთ 2 ვაჟი და 2 შვილიშვილი. მათი შვილი, ზვიად კორძაძე პროფესიით იურისტია,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი, კორძაძის საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი და საადვოკატო ფირმების ასოციაციის პრეზიდენტია.

მეორე ვაჟი, ზაალ კორძაძე კი პროფესიით ეკონომისტია.
       ბატონი ომარის სადამრიგებლო კლასში სწავლობდნენ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მასწავლებლები – მადონა კოღუაშვილი და მარინა ლომთაძე.
ბატონი ომარისთვის მოსწავლეებთან შეხვედრა განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩდა.
       P. S.  ... დღე იდგა თბილი, ემოციებით დატვირთული!


                                        როზა ალავიძე
       
      როზა ნოეს ასული ალავიძე 1946 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ქუთაისის N8 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 1964 წელს ალ. წულუკიძის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ფიზიკის სპეციალობაზე ჩაირიცხა. 1969 წლიდან 1971 წლამდე ქუთაისის სამოქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილებაში მუშაობდა,    პარალელურად ქუთაისის N29 სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი იყო, ხოლო 1972 წლიდან 2010 წლამდე ქუთაისის N22 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. მისთვის გამორჩეული მოსწავლეები იყვნენ: ხათუნა ღვალაძე, მაკა გოჩელაშვილი, მურადი სუდიძე, ანრი ივანეიშვილი, თეა და ანა ივანეიშვილები... მათგან რამდენიმე ფიზიკოსი გახდა.
       ქალბატონი როზა ყოველთვის იყო სადამრიგებლო კლასის ხელმძღვანელი, მისი მოსწავლეები ტურებში მონაწილეობდნენ და წარმატებებსაც აღწევდნენ. ქალბატონ როზას მიღებული აქვს ჯილდო – ,,სახალხო განათლების წარჩინებული."
       როზა ალავიძეს ჰყავს მეუღლე, იურისტი გრიგოლ სანდუხაძე, 2 შვილი – ექიმები გიორგი და გოჩა და 3 შვილიშვილი.
     
                                               ჯილდა ალავიძე – ბობოხიძე


       ჯილდა ალავიძე 1950 წლის 5 მაისს დაიბადა. 1967 წელს ქუთაისის მე–8 საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობაზე გააგრძელა.
       ჯილდა ალავიძე 1972–73 წლებში ქუთაისის სისხლის გადასხმის სადგურში მუშაობდა. 1978–79 წლებში ქუთაისის მე–6 საშუალო სკოლის ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელი გახლდათ. 1980–2010 წლებში ქუთაისის N22 სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა.
       ჯილდა ალავიძეს ჰყავს შვილები: ებრაული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თინათინ ბობოხიძე და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი სოფიო ბობოხიძე.

                                            მადონა ინასარიძე


           მადონა ინასარიძე  1943 წლის 18 იანვარს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის N 24 სკოლა. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით.
          მადონა ინასარიძე 1963–1966 წლებში სამტრედიის სკოლა–ინტერნატში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. 1967 წლიდან 2012 წლამდე ქალაქ ქუთაისის N 22 სკოლაში მუშაობდა. 45 წელი მოღვაწეობდა ქუთაისის N 22 სკოლაში.
          მადონა ინასარიძეს 1982 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს ბრძანებით  უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა, 1987 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით მასწავლებელ–მეთოდისტის წოდება მიაკუთვნეს, 1997 წელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება მიიღო.
          ქალბატონ მადონას ჰყავს ერთი ქალიშვილი – ხათუნა ღვალაძე ( ექიმი ) და 3 შვილიშვილი. მადონა ინასარიძე ნადია ერისთავის რძალია. ქალბატონი მადონას შვილი, სიძე და 2 შვილიშვილი ქუთაისის N22 სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულებია, მესამე შვილიშვილი კი – 22–ე სკოლის მე–6 კლასის მოსწავლე.
       
                            დალი დევიძე – ბრეგაძე



         დალი დევიძე  1942 წლის 14 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტზე, გერმანულ–ინგლისური ენების სპეციალობაზე გააგრძელა.
         1966–67 წლებში დალი დევიძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის მეორე რვაწლიან სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად გაანაწილეს. 1967–68 სასწავლო წელს გადმოყვანილი იქნა ამავე რაიონის სოფელ ქვიტირის საშუალო სკოლაში გერმანულ–ინგლისური ენების მასწავლებლად, სადაც 1975 წლამდე იმუშავა.  1971–74 წლებში  ქალაქ ქუთაისის N 1 საშუალო სკოლაში მუშაობდა.
         1975 წლის 8 იანვრიდან 2012 წლამდე დალი დევიძე  ქალაქ ქუთაისის
 N 22 საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებელი იყო.


          დალი დევიძე პროფესიულ საქმიანობასთან ერთად  საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. 1983 წლიდან  სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, პარალელურად განათლების მუშაკთა პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო პრეზიდიუმის წევრი, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის წევრი გახლდათ.
          დალი დევიძემ გაიარა მასწავლებელთა ატესტაცია:
1. 1982 წ . ივნისი. /100ქ /  განათლების სამინისტროს სიგელი.
2. 1987 წ . დეკემბერი /100 ქ / ,,მასწავლებელი მეთოდისტის წოდება "
3. 1997 წ. ოქტომბერი / 100 ქ / უმაღლესი კატეგორია.
          დალი დევიძემ  მიზნად დაისახა, მიმზიდველი და შინაარსიანი გაეხადა გერმანული ენის სწავლება. არ ყოფილა არცერთი წელი, სკოლას გერმანული ენის ოლიმპიადაზე ან ტურზე გამარჯვებული 2–3 მოსწავლე რომ არ ჰყოლოდა.
          სკოლაში წლების  მანძილზე მუშაობდა ,,მცირე აკადემია," რომლის ერთ–ერთი აქტიური სექცია  გერმანული ენის კლუბი ,,მშვიდობის მტრედი" იყო.  ქუთაისის N22   სკოლაში გაიზარდა მისი სამივე შვილი.
          დალი დევიძეს მიღებული აქვს ჯილდოები:
1. საპატიო სიგელი ქალაქის მაშტაბით – ,,წლის საუკეთესო მასწავლებელი."
2. საპატიო სიგელი გოეთეს დაბადების 250 წლისთავთან დაკავშირებით ,,გოეთეს" საზოგადოებისაგან. 1995წ.
3. სიგელი იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულისა და ქალაქის მერისაგან.
4. დიპლომი  23–ე პედაგოგიურ სამეცნიერო რესპუბლიკურ კონფერენციაზე მოპოვებული წარმატებისათვის. 1996 წ.
5. დიპლომი 24–ე რესპუბლიკური სამეცნიერო პედაგოგიურ კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომისათვის.
6. საპატიო სიგელები. 1984წ. 2007წ. 2009წ.
7. სიგელები  განათლების მუშაკთა პროფკავშირის ქუთაისის საქალაქო საბჭოსაგან. 1999წ. 2000წ. 2004წ. 2008წ. 2009წ. 2010წ.
8. სიგელები მოსწავლე–ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლისაგან. 2005წ. 2009წ. 2010წ.
          დალი დევიძის შვილები წარმატებულები არიან: დოდო ბრეგაძე პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ექიმი–კარდიოლოგია, სოფიო ბრეგაძე – თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი–ნევროპათოლოგი, ბესიკ ბრეგაძე
 კი – ეკონომისტი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი.

                        ნუნუ აბულაძე

   ნუნუ აბულაძე 1948 წლის 5 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ ოდილაურში მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთის საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში ინჟინერ–ტექნოლოგად მუშაობდა.
     ნუნუ აბულაძე 1980 წლიდან  ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში ხაზვის მასწავლებლად მუშაობს. თავიდანვე მიზნად დაისახა მიმზიდველი და საინტერესო გაეხადა ხაზვის სწავლება. არ ყოფილა არცერთი წელი, რომ მის მოსწავლეებს ხაზვის ტურში არ გაემარჯვათ. ქალბატონი ნუნუ ორჯერ მოსწავლე–ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის სიგელით იყო დაჯილდოებული.
     ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა  ნუნუ აბულაძის მეორე ოჯახია. ამ სკოლის კურსდამთავრებული გახლდათ მისი მეუღლე. ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებია მისი ორივე შვილი და შვილიშვილი.  რძალი – მედეა წერეთელი  ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მასწავლებელია , ხოლო ორი შვილიშვილი – ამ სკოლის მოსწავლეები.
                                    ქეთევან ძნელაძე
               
       ბლოგზე მუშაობის პროცესში ჩვენ, მე–10 კლასის მოსწავლეები, ვეწვიეთ ჩვენი სკოლის დამსახურებულ და ჩვენთვის საყვარელ მასწავლებელს ქეთევან ძნელაძეს. ის უკვე 5 წელია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას გვასწავლის, წინა სასწავლო წელს კი ჩვენი კლასის დამრიგებელობაც შეითავსა. ქეთინო მასწავლებელთან ერთად   მრავალი საინტერესო აქტივობა განვახორციელეთ. მაგ: სამოქალაქო განათლებაში ჩავატარეთ არაერთი საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა და აფასებდა სამოქალაქო განათლების, პროგრამა ,,მომავლის თაობის" ტრენერი. ,,მომავლის თაობამ" სწორედ  ქეთინო მასწავლებლისა და ჩვენი  ხარისხიანი ჩართულობის, წახალისებისა და დაფასების მიზნით,  გაკვეთილებისათვის საჭირო რესურსებით დაგვასაჩუქრა. წლევანდელ სასწავლო წელს ქალბატონ ქეთევანთან ერთად განვახორციელეთ ჩვენთვის საპასუხისმგებლო და საამაყო პროექტი: ,,გავამწვანოთ გარემო," რომლის ფარგლებშიც ჩვენმა კლასმა ქალაქის მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა . ქალაქის მერია სკოლის ტერიტორიის გამწვანებაში დაგვეხმარა.          ქალბატონი ქეთევანი ,,მომავლის თაობის" დასავლეთ საქართველოს სამ საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა შორის მოხვდა და საჩუქრად წიგნები გადაეცა.

          გადავწყვიტეთ ქეთინო მასწავლებელს სახლში ვსტუმრებოდით და უფრო ახლოს გაგვეცნო. ეზოში შესვლისთანავე მივხვდით, რომ საინტერესო დღე გველოდებოდა. გაგვაოცა მისი ოჯახის წევრების ხელნაკეთმა ნივთებმა, რომელთაც მრავლად შეხვდებოდით გარშემო. პირველი მასპინძლობა ბატონმა გულივერმა, ქალბატონი ქეთევანის მეუღლემ გაგვიწია.

       ბატონმა გულივერმა ქუთაისის N8 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 1970 წელს მუშაობა უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრაზე დაიწყო. 1976 წელს დაქორწინდა ქალბატონ ქეთევანზე, ამავე წელს მიიღო შემოთავაზება ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტობაზე, სადაც 10 წელი დაჰყო. 1986 წელს პირველი კომპიუტერი ქუთაისში ბატონმა გულივერმა ჩამოიტანა. 2009 წლის იანვარში მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2011 წლის იანვრიდან კი ამავე სკოლის დირექტორი გახდა. ის დღესაც ამ სკოლაში მუშაობს და ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში.
         
ბატონ გულივერს დიდი წვლილი მიუძღვის სახლის ინტერიერის თუ ექსტერიერის შექმნაში.




         ახლა კი მოგითხრობთ ბატონი გულივერის მეუღლისა და ჩვენი მასწავლებლის, ქეთევან ძნელაძის შესახებ. ქალბატონი ქეთევანი  1951 წლის 3 მაისს დაიბადა. 1957 წელს  ქუთაისის N 22 სკოლაში შევიდა, რომელიც  1968 წელს დაამთავრა. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სწავლა  ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის  ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც  ისტორიის სპეციალობით დაამთავრა. 1975 წელს  ისტორია–საზოგადოების მასწავლებლად ქუთაისის N28 სკოლაში დაიწყო მუშაობა.  წლებია  ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში ისტორია–სამოქალაქო სწავლების მასწავლებელია. 41–ე წელიწადია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. პედაგოგობა ბავშვობიდანვე მისი მოწოდებაც და ოჯახის ტრადიციაც იყო. ჩვენმა ქალბატონი ქეთევანი გვესაუბრა მის მოსწავლეებზე: ვერიკო ძოწენიძეზე, მიშიკო ხუციშვილზე, თეა ძნელაძეზე, თამთა ბაშალეიშვილზე...  და საერთოდ მის სადამრიგებლო კლასზე, რომელთანაც ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებს.
          ქეთევან ძნელაძეს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, რძალი და შვილიშვილი. ქალიშვილი ელზა ქარქაშაძე 1979 წელს დაიბადა. 2006 წელს  ქუთაისის N 22 სკოლა დაამთავრა. 1996–2001 წლებში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 1998 წელს მოიგო პროექტი და 6 თვით  გერმანიაში გაემგზავრა.  2000 წელს სწავლა გერმანიაში ჰაოდელბერგის უნივერსიტეტში გააგრძელა, პარალელურად მუშაობდა. ბავშვობიდანვე უყვარდა გერმანული ენა, რაზეც დიდი გავლენა იქონიეს ქუთაისის N 22 სკოლის გერმანული ენის პედაგოგებმა თალიკო გაჩეჩილაძემ და დალი დევიძემ. ქალბატონ დალის დიდი ღვაწლი მიუძღვის ელზას მომავალი პროფესიის განსაზღვრაში. ის 11–წლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა.
დღესდღეობით მისი სამუშაო მრავალფეროვანია და დიდ შრომასაც მოითხოვს. უკვე 6 წელია რაც ქართულ–გერმანულ ცენტრში გერმანულის პედაგოგად მუშაობს, პარალელურად  თარჯიმანი და პროექტის ხელმძღვანელია. ელზას თქმით,  შრომისმოყვარეა და ამავდროულად ზარმაცი, მკაცრი, მაგრამ – სამართლიანი.
            ქალბატონი ქეთევანის ვაჟმაც ლადო ქარქაშაძემ ქუთაისის N22 სკოლა დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. 2002 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც გასტრონომიაში მენეჯერად მუშაობდა და თან  ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა ბანკში ბიზნეს–დეკრედიტების ექსპერტად დაიწყო. შემდეგ თბილისში სასტუმრო ,,მეტეხში" მთავარ მენეჯერად მუშაობდა. ამის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კაფე–ბარების და რესტორნის გაერთიანების დირექტორი გახლდათ. მისი შემდეგი სამუშაო დასავლეთ საქართველოს კბილის კლინიკათა პროდუქციის მენეჯერობა იყო. ამჟამად ბატონი ლადო მაღაზიის მენეჯერ–დიზაინერია. განსაკუთრებით გაგვაოცა მისმა ხელნაკეთმა ნივთებმა, რომლითაც სახლის ინტერიერი აქვს გამრავალფეროვნებული. ეს იყო ორიგინალური, საინტერესო, პრაქტიკული ნივთები.

 https://www.facebook.com/dekoratiulinaketobebi/?fref=ts&__mref=message_bubble
             
       2014 წელს ლადო ქარქაშაძე დაოჯახდა სალომე ბანძელაძეზე. სალომესაც 2000 წელს ქუთაისის N22 სკოლა აქვს დამთავრებული. 3 წელი სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა, მომდევნო 6 წელი კი – სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდეგ უკრაინაში, რეზიდენტურაში 3 წლით გააგრძელა სწავლა. იგი ოტორინოლარინგოლოგი. მუშაობს კლინიკა LG - ში. იცის ქართული, რუსული და ლათინური ენები. სურვილი აქვს შეისწავლოს გერმანული ენაც. სალომეს და ლადოს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი იოანე.
             ეს არის ის, რისი გაგებაც მოვახერხეთ ამ ლამაზ ოჯახთან სტუმრობისას, ოჯახთან, რომელიც დაკავშირებულია ქუთაისის N22 საჯარო სკოლასთან.



                               მადონა კოღუაშვილი

   მადონა კოღუაშვილი 1961 წლის 18 მარტს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1968 წელს შევიდა ქალაქ ქუთაისის N 22 საშუალო სკოლაში და დაასრულა 1978 წელს.
     1980 წელს  მისაღები გამოცდები ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტში მათემატიკის სპეციალობაზე ჩააბარა. ქალბატონი მადონა 1989 წლიდან დღემდე  ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს. 2007–2011 წლის პირველ სექტემბრამდე  ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში სასწავლო–აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე იყო.
    მადონა კოღუაშვილს ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და შვილიშვილი.
    მადონა მასწავლებელი ჩვენი სკოლის დამსახურებული პედაგოგიცაა და წარმატებული კურსდამთავრებულიც. იგი ჩვენი, მე–9 კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელია.

                                         დარეჯან ბაბუნაშვილი


      დარეჯან ბაბუნაშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო წლები ქუთაისის 22–ე სკოლასთანაა დაკავშირებული. 1987–2007 წლებში ამ სკოლაში თავდაპირველად მწარმოებლური შრომის მასწავლებლად, შემდეგ კი აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
     ქალბატონი დარეჯანი იხსენებს: ,,კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის განსაკუთრებულად მაღალი დონე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ნუნუ ქათამაძის პრინციპული მოთხოვნა იყო და მართლაც, ყოველი დღე სისხლსავსე ცხოვრებით გვქონდა დატვირთული. მოსწავლეების ფიზიკური და გონებრივი უნარ–ჩვევების განვითარებას, მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ოჯახის, ტრადიციების, ქვეყნისა და ბუნების წინაშე უფლება–მოვალეობების გააზრებას, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზაციას ემსახურებოდა ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც ამ წლებში ჩემი სახელიც უკავშირდება, რომლებიც რაოდენობრივად ძალიან, ძალიან ბევრია...  მიხარია და ვამაყობ ამ წლებით, ამ სკოლით. აქ გაიზარდა ჩემი 3 შვილი. დღეს ისიც მახარებს და მკვებავს, რომ კოლეგებთან კვლავაც ვმეგობრობ, კურსდამთავრებულები და მათი მშობლები კი ღიმილითა და სიყვარულით მესალმებიან.
             მინდა ჩემი ბებერი და მარად უბერებელი 22–ე სკოლა ყოველთვის წარმატებული და ამაყი იყოს!..
             სიყვარულით დარეჯან ბაბუნაშვილი. 15.02.2016წ."
                 
                      მედეა  თაბუკაშვილი–ბრეგვაძე
 
     მედეა დუტუს ასული თაბუკაშვილი–ბრეგვაძე 1958 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა.
     მედეა თაბუკაშვილი 1976–81 წლებში  ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, მათემატიკის სპეციალობაზე სწავლობდა.
       მედეა თაბუკაშვილი 1976–84 წლებში ქალაქ ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლაში სასწავლო წრის ხელმძღვანელად მუშაობდა. ქალბატონ მედეას ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლაში მამასთან და სკოლის კოლექტივთან  ერთად გატარებული წლები დღემდე სასიამოვნო მოგონებად დარჩა.
       მედეა თაბუკაშვილი 1985–96 წლებში ქუთაისის 31–ე საშუალო სკოლაში მათემატიკის, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებლად, ასევე– ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. 1996–99 წლებში  საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო მოსკოვში სასტუმრო კომპლექსს ,,ოლიმპიელში" სასწავლო განყოფილებაში ინსტრუქტორ–მეთოდისტი გახლდათ.
       მედეა თაბუკაშვილი 2003–2004 წლებში გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალაქ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 2006 წლიდან დღემდე ქუთაისის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის გამგის თანამდებობაზე მუშაობს.
       ქალბატონ მედეას ჰყავს მეუღლე ამირან ბრეგვაძე – შპს ,,ახალი ქსელების" SDH–ის მენეჯერი, ორი შვილი: ლევან ბრეგვაძე – შპს ,,მაგთიკომის" ოპერატორი და როლანდ ბრეგვაძე – სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისიაი"–ს წარომადგენელი იმერეთის რეგიონში. / მენეჯერი /. ჰყავს 2 შვილიშვილი: მარიამი და დაჩი.

                                           თალიკო გაჩეჩილაძე

         თალიკო ამბერკის ასული გაჩეჩილაძე 1933 წლის 5 დეკემბერს ზესტაფონში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა  ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც  1956  წელს დაამთავრა და იმავე წელს დაქორწინდა. 1964 წლიდან  საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, ხოლო 1968 წლიდან 1999 წლამდე ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლაში გერმანული ენას ასწავლიდა. წლების განმავლობაში სახალხო განათლების წარჩინებული იყო. გახლდათ შრომის ვეტერანი და პირველი კატეგორიის მასწავლებელი.  
    ამაყობს იმით, რომ ბევრმა მისმა აღზრდილმა პედაგოგის პროფესია აირჩია.
          თალიკო გაჩეჩილაძე ამჟმად პენსიონერია.  ჰყავს ორი ქალიშვილი: ერთი პედაგოგი, მეორე – ექიმი–კარდიოლოგი,  ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. 

                                              დოდო ლეჟავა
   
       დოდო გრიგოლის ასული ლეჟავამ 1973 წელს ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის დამთავრების შემდეგ მუშაობა ქუთაისის N22 სკოლაში – ლაბორანტად, 1976 წლიდან კი ისტორიის მასწავლებლად დაიწყო. 1982 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა. 2007 წლიდან შეთავსებით იყო ბიბლიოთეკარიც.
   დოდო ლეჟავა 2010 წელს პენსიაში გავიდა. ჰყავს სამი შვილი, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს N22 სკოლა.


No comments:

Post a Comment