სკოლის დირექტორები:
1. ნესტორ გოქაძე (1910 – 1936 წლები)
3. დიმიტრი თაბუკაშვილი (1975 – 1984 წლები)
4. გიული გვიშიანი (1984 – 1987 წლები)
5. ნუნუ ქათამაძე (1987 – 2006 წლები)
6. თეა ჩხეტია (2006 – 2012 წლები)
7. ლევან ბუაძე (2012 – 2015 წლები)
8. ნინო ელბაქიძე (2015 წლიდან დღემდე)
1. ნესტორ გოქაძე
მისია – ქუთაისის
N 22 სკოლის დირექტორების შესახებ ბიოგრაფიების თავმოყრა.
ერთი საუკუნის წინ რომ გვეცხოვრა და იგივე მისია გვქონოდა, არც დავფიქრდებოდით, ისე მივაკითხავდით ქუთაისის ერთ უძველეს უბანს – ზემო საფიჩხიას და გავესაუბრებოდით ქუთაისის N22 სკოლის დამაარსებელს, დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ნესტორ გოქაძეს. წარმოვიდგინეთ – დარბაისელი კაცი მშვიდი ტონით როგორ მოყვებოდა ავტობიოგრაფიას გადაჯაჭვულს ქუთაისის
N22 სკოლის მატიანეზე.
... სანამ დეკორატორი ფარდას ამზადებდა, ჩვენ უკვე ფიქრებით ,,მოვიარეთ" ზემო საფიჩხია და ახლა, შეხსენებების ქარბუქმა მოგვიკაკუნა, რეალობაში გადმოსაბარგებელი დრო დადგაო და სხვაგან სად უნდა წავსულიყავით, თუ არა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახლში, განათლების N91 –ში, სადაც ნესტორ გოქაძის შთამომავლები ცხოვრობენ.
ამჯერად უკვე რეალობაში მივუყვებით კიბის საფეხურებს. ამასობაში დეკორატორიც ამთავრებს თავის საქმეს და იხსნება ფარდაც.
საუკუნე – XXI.
წელი – 2015.
თვე – დეკემბერი.
რიცხვი – 2.
ამინდი – ცივი.
სახლი – ძველი.
სიძველეში – ბიოგრაფია სკოლის მატიანეს გადაჯაჭვული.
ნესტორ გოქაძე 1869 წლის 28 ივნისს სოფელ ქვედა სიმონეთში დაიბადა. მამამისი ალექსი 7 წლის იყო, როცა ბატონმა შინამოსამსახურედ წაიყვანა და 14 წელი ბატონის ოჯახში მსახურობდა. ოჯახი 17 სულისაგან შედგებოდა. ნესტორი ბავშვობიდანვე შეეჩვია შრომას. სკოლაც იქვე დაამთავრა, ხოლო სწავლა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში გააგრძელა, რომელიც წარმატებით 1891 წელს დაამთავრა. გარდა ქართულისა, სასწავლებელში ყველა საგანს რუსულ ენაზე სწავლობდა. სასწავლებელშივე გადაწყვიტა მასწავლებლობა და ამ დროიდან დაიწყო მოღვაწეობა სამასწავლებლო ასპარეზზე, რასაც ერთვოდა პოლიტიკური აქტიურობა მიმართული მეფის წეს–წყობილების წინააღმდეგ. მისი შვილის, გადამდგარი პოლკოვნიკ–ინჟინერის, ალექსი გოქაძის მიერ შედგენილ ნესტორ გოქაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ : ,,კარგი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი მასწავლებლად, მაგრამ საჭირო იყო, რომ დამწყებ მასწავლებელს კარგად ცოდნოდა მეთოდიკა და დიდაქტიკა, ამასთან ბავშვებთან მეცადინეობის ვარჯიში სამი თვით მაინც რომელიმე ორკლასიან სასწავლებელში უნდა გაევლო. მივმართე სახალხო განათლების დირექტორს, რომელმაც დახელოვნების მისაღებად მაშინდელი ,,ყვირილის ორკლასიან სასწავლებელში მიმავლინა." (სტილი დაცულია).
ნესტორ გოქაძე 1891 წლის 1 სექტემბრიდან 1895 წლის 1 სექტემბრამდე ნიკორწმინდაში, ერთკლასიან სკოლაში მუშაობდა. მასწავლებლობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. გვერდში ედგა სოფლის გლეხობას, ეხმარებოდა საჩივრებისა და თხოვნის დაწერაში, ასწავლიდა წერა–კითხვას. ადგილობრივ ადმინისტრაციას ნესტორის საქმიანობა სასიამოვნოდ არ დარჩენია. ყოფილა შემთხვევა, თავდასხმაც მოუწყვიათ მისთვის, მაგრამ რევოლვერით მოუგერიებია.
1895 წელს ნესტორ გოქაძემ სპეციალური გამოცდა ჩააბარა, რის საფუძველზეც სოფლის სამრეწველო და დაწყებითი მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 1895 წლის 1 აგვისტოდან ნესტორ გოქაძე მშობლიურ სოფელ სიმონეთში, ერთკლასიან სასწავლებელში იქნა დანიშნული. ნესტორის თაოსნობით 1901 წლის ბოლოს სიმონეთის სოფლის სასწავლებელი ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. მე–20 საუკუნის დამდეგი სამრეწველო კრიზისით აღინიშნა. საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ცენტრმა რუსეთში გადმოინაცვლა. რევოლუციური აქტიურობით ხასიათდებოდა ამიერკავკასიაც. ასეთ მოვლენებს არ შეიძლებოდა არ გამოხმაურებოდა ისეთი პიროვნება, როგორიც ნესტორ გოქაძე იყო. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში, ჩამოაყალიბა ფარული წრე, რაშიც ქუთაისის რევოლუციური ბიურო დაეხმარა. ამ ბიუროში ფარულად მუშაობდა ნესტორის უმცროსი ძმა ივანე და ბიძაშვილი იაკობი.
ნესტორ გოქაძის მოგონებაში ვკითხულობთ: ,,წრეში პირველ ხანებში 18 კაცი ითვლებოდა, მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ. თვეში ერთხელ ღამით ეწყობოდა პროპაგანდა–აგიტაცია რომელიმე სანდო ამხანაგის სახლში. წრის ხელმძღვანელობა ჩემზე იყო მინდობილი. გვიახლოვდებოდნენ ღარიბი გლეხები. ვავრცელებდით არალეგარულ წიგნებს, ჟურნალ–გაზეთებს და პროკლამაციებს. ვღებულობდით გაზეთ ,,ისკრას" და თბილისიდან არალეგარულ გაზეთ ,,ბრძოლას," რომელიც ავლაბრის არალეგარულ სტამბაში იბეჭდებოდა. რევოლუციონერები რომ არ ყოფილიყვნენ გაცემულნი, მოვაწყვეთ მცხოვრებთა ფიცი. გაიფიცნენ გლეხები, რომ მემამულე ანანოვის მიწა არავის აეღო მემამულის დაწესებულ ფასებში, ვიძენდით საომარ იარაღს, გვყავდა გაწვრთნილი რაზმი, დროდადრო ვაწყობდით უფრო ფართო პროპაგანდა–აგიტაციას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ" და შემდეგ: ,,1905 წლის ზაფხულში ორჯერ მოვაწყვეთ რამდენიმე საზოგადოების ერთიანი მიტინგი. ქურდობა და მევახშეობა ხალხში შემცირდა. მემამულეებიც შეშინდნენ და მიწის ღალა შეამცირეს. გლეხებმა გამარჯვება იგრძნეს." (სტილი დაცულია).
1902 წლიდან ნესტორ გოქაძე პედაგოგიურ მუშაობას საზოგადოებრივ მოღვაწეობას უთავსებდა. იგი ხშირად აქვეყნებდა გაზეთებში: ,,ივერია," ,,კვალი," ,,ახალი კვალი," ,,დროება," ,,ახალი გზა" და სხვ. ფსევდონიმებით: ,,ნეგო სიმონელი," ,,მასწავლებელი," ,,სოფლის მასწავლებელი," ,,სტუმარი" და სხვ. ნესტორ გოქაძე იყო ,,საქართველოს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. იგი მეგობრობდა სილოვან ხუნდაძესთან, დავით კლდიაშვილთან და მის დასთან– ეფროსინესთან, რომლის ბინაზეც იმართებოდა საღამოები. პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც საჩუქრად გადასცა ოქროთი დაფარული საწერკალამი. იცნობდა აკაკი წერეთელს, ოცხელს, დომენტი თომაშვილს, ლუარსაბ ბოცვაძეს. მის ბიბლიოთეკაში ინახება ,,ჯეჯილის," ,,კვალის," ,,მოამბის" კომპლექტები, რუსული ჟურნალები: ,,ნივა," ,,ვსემირნაია პანორამა," ,,სოლნცე როსიის" და სხვ.
როგორც ცნობილია, 1906 წლიდან დაღმავალი გზით წარიმართა 1905 – 1907 წლების ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია. მთელ ქვეყანაში რეაქციის პერიოდი დადგა.
შავი რეაქციის მძაფრი სუსხი მთელი სიმკაცრით დაატყდა თავს რევოლუციის ერთ–ერთ მოწინავე კერას – საქართველოს. მთავრობის დამსჯელი რაზმები არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებსა და ქალაქებს, მასობრივად აპატიმრებდნენ, კატორღაში გზავნიდნენ, სცემდნენ და ხოცავდნენ რევოლუციონერებს. ჟანდარმერიას ნესტორ გოქაძის პოლიტიკური აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. გოქაძე 1906 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს. ნესტორი იგონებს: ,,1906 წელს დადგა საშინელი, სისხლისმღვრელი რეაქცია. ზოგი ჩვენი ყოფილი ამხანაგი გახულიგნდა და ,,სტრაჟნიკებთან" ერთად დევნა დაუწყეს რევოლუციონერ ამხანაგებს. სხვებთან ერთად მეც დამაპატიმრეს და მომათავსეს ქუთაისის საგუბერნიო ციხეში. შემდეგ შევიტყვე, რომ სტრაჟნიკებმა სიმონეთის სკოლაში ჩემი ბინა დაიკავეს, ყველაფერი დაიტაცეს, გაანადგურეს, ცოლ–შვილი ქუჩაში დაყარეს. იმ წლის გაზაფხულის დამდეგს გენერალ ალიხანოვის განკარგულებით ხუთი წლის ვადით გადამასახლეს არხანგელსკში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ამხანაგებთან ერთად გამოვიქეცი."
ქუთაისის ციხეში ყოფნისას ნესტორმა მოახერხა კონსპირაციულად დაკავშირებოდა ქუთაისის რევოლუციური კომიტეტის ამხანაგებს, რომლებიც იატაკქვეშ მუშაობდნენ. გადასახლებიდან გამოქცეული ნესტორი დიდ გაჭირვებას განიცდიდა. იგი იძულებული იყო არალეგარულად ეცხოვრა. ამას თან ერთვოდა ოჯახის უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით ნესტორმა მოახერხა შეწყნარება, რაშიც დიდი დახმარება საზოგადო მოღვაწეებმა და მწერლებმა დავით კლდიაშვილმა, კიტა აბაშიძემ, სახალხო სასწავლებლის ინსპექტორმა ღოღობერიძემ გაუწიეს. 1906 წლის ბოლოს ნესტორი აღდგენილი იქნა მასწავლებლის ხარისხით და ნება დართეს ემუშავა ქუთაისის გუბერნიის სკოლებში, გარდა სოფელ სიმონეთისა. 1906 წლის 16 სექტემბრიდან სახალხო სასწავლებლის ინსპექტორის განკარგულებით, ნესტორი გააგზავნეს სოფელ ამაღლების ორკლასიან სასწავლებელში, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა იქ გადასვლა და მუშაობა დაიწყო სოფელ იანეთის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე–მასწავლებლად. 1903 წლიდან რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ნესტორის ძმა ივანე. ,,ბუნტოვშჩიკი" შვილების გამო შეწუხებულნი იყვნენ მშობლები – ალექსი და მელანო. ვასოს დაჭერის შემდეგ ნესტორი გაათავისუფლეს. იგი მატერიალურ დახმარებას ღებულობდა მეგობრებიდან. მას ეხმარებოდნენ პოეტი და მასწავლებელი დომენტი თომაშვილი, ლადო ბზვანელი, მასწავლებელი სიმონ ყაუღჩიშვილი და სხვ. ნესტორმა მიწის ნაკვეთი ქუთაისის განაპირა უბანში შეიძინა და სახლი ააშენა. იგი, როგორც ახალმოსახლე და რევოლუციურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი, ერთგვარ დევნას განიცდიდა. გაურკვეველმა პირებმა მოწამეთის ქუჩაზე (20–იანი წლებიდან ეწოდებოდა გელათის ქუჩა, 30–40–იან წლებში – წყალსადენის, ახლა – დ. კლდიაშვილის) სახლ–კარი გადაუწვეს.
ნესტორ გოქაძე მიღებულ განათლებას არ დაჯერდა და 1924–27 წლებში მაღალი ტიპის სკოლა დაამთავრა. (დამთავრების მოწმობა ბინაზე ინახება).
წინააღმდეგობებით იყო სავსე ნესტორ გოქაძის ცხოვრება. რამდენი წვალება, სიღარიბე, დევნა, საპყრობილე გამოიარა, მაგრამ იგი არ გატყდა. ხალხისკენ იყო მისი გულისთქმა მიმართული. გულს უკლავდა ის ფაქტი, რომ უსახსრობის გამო ბავშვები სწავლა–განათლებას ვერ ღებულობდნენ.
ნესტორ გოქაძე ითვლება ქუთაისის N 22 სკოლის დამაარსებლად!
1908 წელს უბნის კრება ჩატარდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გუბერნატორის და განათლების ინსპექტორის სახელზე გაგზავნილიყო მოთხოვნა 232 მცხოვრების ხელმოწერით, ითხოვდნენ ერთკლასიანი სასწავლებლის გახსნას. წინააღმდეგობა იყო გუბერნატორის მხრიდან, მაგრამ განათლების ინსპექციამ ნება დართო გაეხსნათ სასწავლებელი. 1898 წლის სექტემბრიდან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა ნაქირავებ ბინაში, ნესტორის ცოლისძმის, ვლადიმერ გვეტაძის სახლში.
ნესტორ გოქაძის თაოსნობით და ინიციატივით აიგო ორკლასიანი სკოლა. შენობის გახსნა მოხდა 1910 წლის 1 იანვარს. გამგე–მასწავლებლად ნესტორ გოქაძე დაინიშნა და ჩვეული ენერგიით შეუდგა სკოლის მოვლა–პატრონობას.
ნესტორ გოქაძე არა მარტო პედაგოგი, არამედ უბნის თავკაციც იყო. მისი სჯეროდათ მეზობლებს. ყველა სადავო საქმეს ჩააწყნარებდა ხოლმე. სიმკაცრე ახასიათებდა, ზედმეტად მომთხოვნი იყო როგორც თავისი თავის, ისე – სხვის მიმართაც. მისი ყოფილი მოსწავლე, ქუთაისის მე–8 სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილის გამგე არჩილ ბარდაველიძე იგონებდა: ,,ჩვენ მისი ძალიან გვერიდებოდა, საჭიროების შემთხვევაში მკაცრი იყო, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, დახმარების ხელს პირველი გაუწვდიდა."
პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი ილია გენძეხაძე იგონებდა: ,,ნესტორ გოქაძე უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. მას განსაკუთრებით უყვარდა ლიტერატურა."
ნესტორ გოქაძეს უამრავი ხელნაწერი აქვს დატოვებული. მისი ლექსები ადამიანობას, პატიოსნებას, სამშობლოს უმღერის. მისთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი ქცევა, რაც ზიანს აყენებდა ოჯახს, ცოლ–შვილს, საზოგადოებას. სასტიკად კიცხავდა მთვრალ კაცს. ამ მხრივ საინტერესოა მისი ლექსი ,,ღვინო და კაცი." კაცი საყვედურობს ღვინოს, რომ ყველაფერი ცუდი მისი მიზეზით ხდება:
,,ძალის მომკლები, ჭკუისა
და მხედველობის თვალისა,
გასარჩევი ხარ სიცუდით,
ვით ავდარია – დარისა."
ღვინო კი პასუხობს:
,,ნუღარ მიმირთმევ უზომოდ,
ნუ მიმიზიდავ ხშირადა,
თორემ დაგათრობ უწყალოდ
ყველასთვის გასაკვირადა."
ლექსი ,,მამასახლისი" დაბეჭდილი იყო ,,ვარსკვლავში." ნესტორი ამ ლექსში მამასახლისს ამხელდა:
,,სამართალსა ქრთამითა ვჭრი,
თუ არ დამატყდა თავზედა,
ამაყი და ფიცხელი ვარ
მართალსა და მდაბალზედა."
ლექსში ,,იმერეთისადმი" იგი წერდა:
,,ნაქერალას გადავადექ, დავაჩერდი ტურფა მხარეს,
გამინათლდა სული, გული, განმაშორა ფიქრსა მწარეს...
ის ვადარე მაისისა თხუთმეტი დღის სავსე მთვარეს,
რომელიც რომ თვის სხივებით სულ ანათებს არე–მარეს."
1983 წლის 16 მარტის გაზეთ ,,ქუთაისში" ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ილია გენძეხაძის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა სათაურით –,,პედაგოგის გახსენება." მასში ძირითადად ნესტორ გოქაძის ცხოვრება და მოღვაწეობაა მოცემული.
ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა დახმარებისთვის მადლობას უხდის ნესტორ გოქაძის შვილთაშვილს სოფო მეშვილდიშვილს.
ნესტორ გოქაძის შვილთაშვილის შვილი, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მოსწავლე
ზიზი ფურცხვანიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია, წერილები, სასკოლო დოკუმენტები.
2. ნესტორ გოქაძის მოკლე ბიოგრაფია შედგენილი თადარიგის პოლკოვნიკის, ინჟინერ ალექსი გოქაძის მიერ.
3. პედაგოგის გახსენება – ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ილია გენძეხაძის სტატია ,,ქუთაისი" – 1983წ. 16 მარტი.
4. თანამედროვეთა მოგონებები.
5. ნესტორ გოქაძის შთამომავლებიდან მოწოდებული ინფორმაცია და სურათები.
2 . ნადეჟდა ერისთავი
ცრის...
ეს ის დრო არის, როცა ყველას და ყველაფერს ძინავს, ეს ის დრო არის, როცა დუმილი გაწუხებს სილამაზის არხსენებით გამოწვეული. შებინდებისას მხატვარი ჯდება ღრუბელზე, მთვლემარე მზეზე დებს სულის პალიტრას და ხელს ჰყოფს ხატვას დედოფლებისას. იგი ხატავს სილამაზის დედოფალ ნადია ერისთავს და ამით იმ მხატვარზე უფრო მეტად ღზევდება, ერთ დროს მახინჯი პერსეფონე რომ ჩამოაგვირისტა.
... ეს სილამაზე მეფობდა ქუთაისში!
აქ ახსოვთ:
XX საუკუნის 40–70–იანი წლები... ზემო საფიჩხია... არისტოკრატიული გვარის კლდემამოსილი ქალი, ქალი, რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ, ქალი, რომელიც წლები მართავდა ქუთაისის N 22 სკოლას!
ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი 1908 წლის 6 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში დაიბადა.
1928 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ სოფელ ობჩის კოლახსკოლის დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა. პარალელურად ქალთა სადელეგატო პუნქტს ხელმძღვანელობდა.
1933 წელს ახლადგახსნილ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობა ქუთაისის მე–14 არასრულ სკოლაში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ, ერთი წლის შემდეგ კი – დირექტორად დაიწყო.
1940 წლიდან აღნიშნული სკოლა გადაკეთდა ქუთაისის მე–14 საშუალო სკოლად, 1943 წლიდან – ქალთა მე–9 საშუალო სკოლად, 1954 წლიდან კი – ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლად, რომლის დირექტორი 1975 წლამდე ნადეჟდა ერისთავი იყო (პენსიაზე გასვლამდე).
ნადეჟდა ერისთავმა სკოლა შვიდი ფიცრული ოთახით ჩაიბარა. მისი დირექტორობის პერიოდში მშობელთა აქტიური დახმარებით, საშეფო ორგანიზაციებისა და განათლების განყოფილების უშუალო ხელშეწყობით, ოთხსართულიანი სასკოლო შენობა აშენდა.
1966 წელს პირველი სკოლა იყო, რომელიც გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე. ხოლო დაწყებითი სამხედრო სწავლების მაღალ დონეზე სწავლებისათვის სკოლა საბაზო სკოლად გამოცხადდა.
1963 წელს ნადეჟდა ერისთავს საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იქნა უამრავი მედლითა და საპატიო სიგელით: 1954 წელს – შრომის წითელი დროშის ორდენით /N 843191/, ასევე ორდენით ,,ღირსების ნიშანი" /1957წ. /, ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით / 1958წ. /, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით / 1960წ. /, მედლით – ,,შრომის ვეტერანი" / 1978წ. /. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის ბრძანებულებით ,,ღირსების ორდენით" დაჯილდოვდა.
ნადეჟდა ერისთავის მეუღლე იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე ღვალაძე, ჰყავს ორი შვილი: ემზარი და მზია, ოთხი შვილიშვილი და ათი შვილთაშვილი.
ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი 2001 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა და მწვანე ყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
1983 წელს ნადეჟდა ერისთავის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ჩვენი სკოლის მე–6 კლასში ნადეჟდა ერისთავის შვილთაშვილი საბა ვახტანგაძე სწავლობს. საბა ქალბატონი ნადეჟდას შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარა.
3. დიმიტრი თაბუკაშვილი
დუტუ (დიმიტრი) გრიგოლის ძე თაბუკაშვილი 1932 წლის 10 ოქტომბერს ბაღდათის რაიონში დაიბადა.
1952 წელს დამთავრების სწავლა ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1956 წელს უნივერსიტეტის სრული კურსი დაასრულა და მატემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭა.
დიმიტრი თაბუკაშვილმა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
დიმიტრი თაბუკაშვილი 1960–იან წლებში ქალაქ ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტში არასრულწლოვანთა კომისიის მდივნად მუშაობდა, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებდა, ქუთაისის საღამოს სწავლების სკოლაში მათემატიკისა და ასტრონომიას ასწავლიდა. 1968 წლიდან ქალაქ ქუთაისის 24–ე საშუალო სკოლაში ორგანიზატორი და მათემატიკის მასწავლებელი იყო.
დიმიტრი თაბუკაშვილი 1970–იან წლებში ქალაქ ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა, 1975 წლიდან 1984 წლამდე კი ამავე სკოლის დირექტორი იყო. 1984 წლიდან პენსიაზე გასვლამდე ქუთაისის მე–8 საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
დუტუ (დიმიტრი) თაბუკაშვილი 2013 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.
4. გიული გვიშიანი
გიული გვიშიანი 1983–87 წლებში ქუთაისის N22 სკოლას მართავდა. ქალბატონ გიულის სკოლათან დაკავშირებით იმდენად საინტერესო მოგონებები აქვს, რომ გადავწყვიტეთ უცვლელად შემოგთავაზოთ: ,,სასწავლო
წელი მთავრდებოდა, ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლაში პირველად რომ მივედი. მეთერთმეტე კლასელები
ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ. ახალი დირექტორისათვის არავის ეცალა. მეც არ ვაქტიურობდი.
თავს უხერხულად და მარტოდ ვგრძნობდი, მათთვის უცხო ვიყავი. პირველი შემთხვევა იყო,
რომ იმ დღეს მოსწავლეები არ მეხვია გარს,(მე ხომ ყოველ წელს გამოსაშვები კლასები მყავდა
და ბოლო გაკვეთილსაც მე ვატარებდი). წყნარად ვიჯექი, კურსდამთავრებულების სკოლიდან განშორების
ტკბილ სევდას ყველა მასწავლებელთან ერთად განვიცდიდი.
ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი დიდი
არ იყო, უბნის ბავშვების არც თუ ისე მცირე ნაწილი ერთმანეთის მიმბაძველობით ქალაქის
პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა. ყოველ დილით ვხვდებოდით ერთმანეთს, მე ზემოთ მივუყვებოდი
ქუჩას, ისინი კი-ქვემოთ. მშობლები პირველ ხანებში ინტერესით შემავლებდნენ თვალს, შემდეგ
კი თითქოს გრძნობდნენ ჩემ გულისტკივილს, ამ თვალხატულა ბავშვებს რომ არ გვანდობდნენ
და უხერხულად მარიდებდნენ მზერას. რას ვიზამდი, ძალით არაფერი გამოვიდოდა. უბანს უნდა
ეგრძნო, რომ სკოლაში რაღაც შეიცვალა.
ჯავახიშვილის
ქუჩაზე ვცხოვრობდი, კიკვიძის ძეგლთან. დიდი ქალაქებისათვის ეს მანძილი არაფერია, მაგრამ
ქუთაისის სინამდვილეში საკმაოდ შორს იყო 22-ე საშუალო სკოლასთან. ხშირად მეუღლეს დავყავდით
(მაშინ ის თერჯოლის რაიონის პოლიციის უფროსი იყო და გზაც იქით ჰქონდა), მაგრამ როცა ვერ ახერხებდა, ზოგჯერ ტაქსითაც გვიწევდა
ასვლა. იმ დღესაც ასე მოხდა. ეტყობა წინა დღეებშიც რამდენჯერმე ამ ტაქსით მოგვიწია
მგზავრობამ. როცა ვუთხარი, საფიჩხიაზე მივდივართ, 22-ე საშუალო სკოლაში– თქო, მითხრა:
კი, მაგრამ, ქალბატონო, ასე შორს რატომ ატარებთ ამ ბავშვებს, ქალაქში კარგი სკოლების
მეტი რა არისო. გამეცინა... ,,ეს ისეთი სკოლაა, რომ უფრო შორიდანაც დადიან – მეთქი," გაკვირვებით
შემომხედა, – რა ვიცი, მე არ გამიგონიაო.
სკოლის ჭიშკართან მათემატიკის მასწავლებელი
დიტო გოჩელაშვილი დაგვხვდა, ის ქალაქში მიდიოდა. ეტყობა მძღოლმა ჩვენი საუბარი ახლა
მასთან გააგრძელა და როცა გაიგო რომ ახალი დირექტორი ვიყავი, შეწუხდა თურმე, ჩემ მაგივრად
ბოდიში მოუხადე, არ ვიცოდი ვინ იყოო.
ის, რაც ტაქსის მძღოლს ვუთხარი, უბრალო ხუმრობა
კი არა, ჩემი ოცნება იყო. მინდოდა, სკოლის ავტორიტეტი ისე გაზრდილიყო, რომ უბნის არც
ერთ ბავშვს ჩვენთვის გვერდი არ აევლო და სრულფასოვანი განათლება აქ მიეღო.
მადლიერების გრძნობით ვიხსენებ იმ პედაგოგიური
კოლექტივის თითოეულ წევრს, ტექნიკურ პერსონალს, მშობლებს, მხარში რომ ამომიდგნენ და
ბევრი ჩემი ოცნება რეალობად აქციეს.
დღეს სწავლების ახალი მეთოდები, ტექნიკური
სიახლეები და დიდი შესაძლებლობები აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ,
35-40 წლის წინ, ეს არც თუ ისე ადვილი იყო. "5. ნუნუ ქათამაძე–ბაკურაძე
ნუნუ ანდროს ასული ქათამაძე–ბაკურაძე 1947 წლის 14 ნოემბერს მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის N 5 საშუალო სკოლა. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების (1966–1971წ.წ.) შემდეგ მუშაობა დაიწყო მასწავლებელთა დახელოვნების ქუთაისის ინსტიტუტში ჯერ ბიბლიოთეკარად, შემდეგ – ლაბორანტად, ბოლოს – მეთოდისტად. პარალელურად (1973–82 წლებში) ხელოვნებას აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ასწავლიდა.
1982 წლიდან მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის N 4 საშუალო სკოლაში. 1985–87 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
1987 წლის აგვისტოდან 2006 წლის აგვისტომდე ქუთაისის N 22 სკოლას ხელმძღვანელობდა.
2011–12 სასწავლო წელს სწავლობდა და დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.
მეუღლესთან ერთად არის პატენტის ( P 350) მფლობელი. წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა საქალაქო საბჭოს წევრი, არის დარბაზი ,,ქუთაისელის" და ,,ბაღისკიდის" წევრი.
ნუნუ ქათამაძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სიგელები, ჯილდოები, სერთიფიკატები. ქალბატონი ნუნუ წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, აქვეყნებდა საგაზეთო სტატიებს, კოლეგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკულ და მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებში, დიდი ყურადღებით უდგებოდა სკოლისგარეშე ღონისძიებებს, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს, საუბრებს. ქალბატონი ნუნუს ხელმძღვანელობით ლამაზი საღამოები მიეძღვნა ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს,
ცნობილ მსახიობს ჯემალ მონიავას, დრამატურგ რეზო კლდიაშვილს, ცნობილ ჟურნალისტს თემურ ჭკუასელს, მწერალს ოტია იოსელიანს, ვენის კონსერვატორიის პროფესორებს, ბათუმის მომღერალთა სახელმწიფო ანსამბლს, სოხუმის დევნილ ინტელიგენციას. რესტორან ,,იმერეთში" ხელოსნებთან შეხვედრა ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩდა. აქ იყო: დალაქი, ოქრომჭედელი, თერძი, გრიმიორი, დურგალი, კალატოზი...
ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმში მოეწყო ,,პარანასი," აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად დიდ ივანე ჯავახიშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს მიეძღვნა საღამოები. ნუნუ ქათამაძე პერიოდულად ხვდებოდა მხატვრებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მეცნიერებს. მშობლებთან ურთიერთობა მისთვის ცალკე, მეტად საინტერესო თემა იყო. ქალბატონი ნუნუ ცდილობდა და დღესაც ცდილობს არ დაარღვიოს ასწლოვანი სკოლის ტრადიცია. იგი მოსწავლეების წინაშე არის პუნქტუალური, თავმდაბალი, მაგრამ ამავე დროს მომთხოვნი და მიუკერძოებელი. ნუნუ ქათამაძე ამჟამად ჩვენი ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მეცხრეკლასელებს მშობლიური ენისა და ჩვენი წარსულის სიყვარულს სწორედ ქალბატონი ნუნუ გვასწავლის.
6. თეა ჩხეტია
თეა ჩხეტია 1974 წლის 30 ივნისს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1980–91 წლებში სწავლობდა და დაასრულა ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლა. 1992–97 წლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობდა.
თეა ჩხეტია 2000 – 2002 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქუთაისის მრავალპროფილიან ლიცეუმში მუშაობდა, 2012 წლის 15 მაისიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე ქალაქ ქუთაისის კულტურულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მთავარი სპეციალისტი იყო, 2012–2013 წლებში კი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პედაგოგთა კავშირი – განათლება და სამყარო" – განათლების ექსპერტი და სამოქალაქო განათლების ტრენერი.
თეა ჩხეტია 2006 – 2012 წლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ. 2005–2006 წლებში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი იყო.
თეა ჩხეტია 2014 წლის 12 სექტემბრიდან დღემდე სსიპ ქალაქ ქუთაისის N 8 საჯარო სკოლის დირექტორია.
7. ლევან ბუაძე
ლევან ბუაძე 1978 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1993 წელს ქუთაისის მე–4 სკოლა დაამთავრა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკენომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი იყო.
ლევან ბუაძე 2005–2011 წლებში შპს წყალკანალის დირექტორის მოადგილედ და გაერთიალებულ წყალმომარაგების რეგიონალურ ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, პარალელურად ხელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს ,,მენეჯმენტისა და ეკონომიკის თეორიაში."
2012–2015 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი. მისი დირექტორობის დროს სკოლას საჩუქრად გადაეცა სასკოლო ინვენტარი, გაკეთდა რამოდენიმე საკლასო ოთახი, პირველი სართულის ფოიე და სპორტული დარბაზი.
ლევან ბუაძეს ჰყავს მეუღლე – ცნობილი დიზაინერი ეკა აბულაძე და 3 შვილი.
8. ნინო ელბაქიძე
ნინო ელბაქიძე 1972 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა. 1978 წელს შევიდა და 1989 წელს დაასრულა ქალაქ ქუთაისის N 12 სკოლის სრული კურსი. 1996 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი მაგისტრის წოდებით დაამთავრა.
2012 წელს დაასრულა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.
ნინო ელბაქიძემ 1996 წელს ქალაქ ქუთაისის N 14 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და იქ 2015 წლის 14 აგვისტომდე მუშაობდა. 1996 წლიდან არის ჟურნალ ,,თვალსაწიერის" კორესპოდენტი.
ნინო ელბაქიძე 2011 წლიდან არის სერტიფიცირებული პედაგოგი, მას მინიჭებული აქვს როგორც დაწყებითი საფეხურის (I - I V ) N 0004019, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის ( I - V I ) N 0011623 მასწავლებლობის უფლება. 2014 წლის 6 თებერვლიდან აქვს საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. 2015 წლის 14 აგვისტოდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
ქალბატონ ნინოს მხატვრულ კითხვაში დიპლომები აქვს მიღებული, წერს ლექსებს და ჩანახატებს:
,,ისე ყეფდნენ ცაზე ღრუბლები და ისე თრთოდნენ,
ისეთ ხორუმის წრეებს კრავდნენ კაბადონებზე,
მოგინდებოდა დაგენახა განმეორებით.
ისე ძალუმად დაეძაბა ღრუბელს ძარღვები,
ისე განცვიფრდა, თითქო იყო მაისში თოვა.
მერე დაიწყო გადაყვლეფილ მუხლებზე ხელი,
ცად წავიდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა.
იქ ხელოვნების ტრიუმფების იწყო დაპყრობა,
იმ ჩემ სულიდან გამოძერწა ნატანჯი ქალი.
სახე ღვარძლიან დედაბერის მაგვარი ჰქონდა,
ხელის თითები უმოძრაო და მთლად დამჭკნარი.
გულზე ათასი სიყვარულის ცეცხლი მეკიდა,
სულში ათასი ფიქრით თრთოდა თხელი ფოთოლი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ რაფაელისა,
დამწუხრებული სახე ვიყავ კვაზიმოდოსი.
ნაკუწ–ნაკუწად იშლებოდა ცის ხელოვნება,
ღრუბლის ფილიდან იღვრებოდა წვიმის წვეთებად,
მეცემოდა და მაფხიზლებდა, როგორც ენძელას
დილის ნიავში მზის სხივები რომ დაეცემა.
გულში ათასი მოგონების იდგა მნათობი,
კვლავაც ათასი ფიქრი იყო სულში შემძვრალი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ ბუონაროტის,
დამწუხრებული სახე ვიყავ დულცინეასი.
...ისე აყეფეს გვირილები, ისე გაწირეს,
ისე მოწველეს ღრუბლებიდან ღამის სიზმრები,
ისე თენდება, მზე ისე მწვავს ნაკოცნ ადგილებს,
ასე მგონია, რომ ეხლავე გარდავიცვლები.
. . .
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე
და სნობისტური დაიწყო ლტოლვა.
ნამრუდისფერი შეუგზავნეს მას წერილები
და მოაფინეს დედამიწას ლორთქო ფიქრები...
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები...
შეზლოგინები გააწყვეს მოლზე.
ბინდით მხატვარი გვიდო რენი ჩამოჯდა მზეზე,
მიცვალებულთა მზეზე დასდო სულის პალიტრა,
მან ადრინდელი ნახატები გადასწვა ცეცხლზე
და ხელი მიჰყო მხოლოდ ხატვას შეზლოგინების.
მოზიდეს ტყიდან მოთეთრლეგო ლოფორთქინები
და გაშლილ ველზე გობელენებს დაადგეს ზვინად.
მორეკეს ტყიდან კვიცრები და კაპუეტები,
კაპუეტების და კვიცრების დაიწყო წვიმა.
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე,
ეროსით მთვრალმა ჩაშლილ თმებში შეჰყო თითები,
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე...
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები."
. . .
თუ ბოროტს დევნი და თუ ხარ წრფელი,
თუ გულით ებრძვი ყველა დიდ ზრახვას,
ამას შეხედავ უფალი ჩვენი
და თუკი სუფთა ბრძოლაში გვნახავს,
არ მიგვატოვებს, შეხედავს თუკი
დავგმეთ, ტაბუ ვდეთ ბოროტს კეთრიანს,
ადამიანებს შეგვინდობს გულით,
რადგან თიხის ვართ, ის კი ღმერთია!
გარდა უფლისა, ან სხვას ვის ვეტრფით?
განა ლოცვის თქმა ასე ძნელია?
მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთადერთი,
მარადიული მხოლოდ ღმერთია!
მე მზის ქვეშეთში დავიბადე,
შავ ზღვასთან ახლოს,
ამ მთა–ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ
და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!
ბერო ლუხუმო, ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ,
კვლავ შეგვახსენე, ხევისბერო, ,,ვისი გორის ვართ,"
ქრისტევ ჯვარცმულო, საქართველოს ნუ გაუჭირვებ,
თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს!
მე მზის ქვეშეთში დავიბადე,
ამ მიწის გულზე,
ამ მთა–ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე
და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!
No comments:
Post a Comment